May 27, 2014

ჩემი დედა

იცით ჩემი დედა როგორია? აი შენ რომ ძალიან, ძალიან, ძააალიან გაგიმართლა, ისე როგორც მილიონიდან ერთს უმართლებს, რომ ის დედაშენია და თან ზუსტად რომ იცი, შენ არასოდეს, არაფრის დიდებით არ იქნები ეგეთი! იმიტომ რომ იმის მეათასედი დაფასება არ გექნება, რასაც სხვისთვის გააკეთებ-აი ეგეთი;
იცით როგორია? რომ შეხედავ და გულის გადაშლა, შენი ყველაზე ჩუმი ჩანაფიქრისა და საიდუმლოს გამხელა რომ მოგინდება, ყველაფერს რომ მოუყვები პირველივე შეხვედრაზე - ეგეთი.
ყველას დაბადების დღე, ქორწინების წლისთავი და მისთანები რომ ახსოვს და გულიანად მილოცვა არ ეზარება არასოდეს - ეგეთი.
დილას, სანამ თვალებს გაახელდეს, უკვე სხვებზე ზრუნვას რომ იწყებს - ეგეთი;
ხანდახან რო "ტვინს გიჭამს" და რომ შეხედავ და ვერ უბრაზდები, იმიტო რომ შენს ტვინის ჭამას 26 წელია მოთმინებით იტანს - ეგეთი;
ჩემ დედას ყველაზე ლამაზი ცხვირ-პირი და ყველაზე კეთილი თვალები აქვს.
ფუმფულა და  ღაბუაა ჩემი დედა. ყელში რომ უნდა მოეფერო და თვალები რომ უნდა დაუკოცნო ეგეთი;
რაღაც რომ ხდება და ერთი სული რო მაქვს ვნახო და მოვუყვე, როგორი პირადული, არაკორექტული და არასაამაყოც არ უნდა იყოს, რო არ განგიკითხავს, გულით რო მოგისმენს, გაბრაზებითაც რო "საშენოდ" გაგიბრაზდება და რო ვერც წარმოიდგენ ისეთებს გაპატიებს - აი ეგეთი.
როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს, როგორ ცუდადაც არ უნდა გრძნობდეს თავს, მაინც რომ არ ისვენებს: არ გშია? გინდა ეს გაგიცხელო? ამას აგიბრაწავ, იმას გაგიკეთებ!... - ეგეთი;
ვინმე თუ რამეს აწყენინებს, ძარღვებში სისხლი რო მეყინება და შემიძლია შიშველი ხელებით მივახრჩო - ეგეთი;
გვერდით რომ გამიყვანს და ჩუმად ფულს მაჩეჩებს, თან დამნაშავის სახე რომ აქვს  - მეტი ვერ "მოაყუჩა" და უარს რო ვეტყვი და ცეცხლდება - ეგეთი;
აი "დაბალი ღობე" როა, ჯავრებს ყველანი რო მაგაზე ვიყრით, იმიტო რო გულში ჩადება არ შეუძლია - ეგეთი;
მთელი ცხოვრება მახსოვს, მხოლოდ ერთი წყვილი სეზონური ფეხსაცმელი ჰქონდა, განა ეგრე ძალიან გვიჭირდა, ჩვენ რომ ბევრი გვქონოდა მაგიტომ! და "ჩვენ"-ში მარტო თავისი შვილები რომ არ იგულისხმება თან - აი ეგეთი;
მთელი თავისი ცხოვრება რო შემოგვწირა და არც კი დაუყვედრებია კიარადა, თავისთვისაც რო არ ნანობს (რაზეც ძალიან მეშლება ნერვები!) - აი ეგეთი;
ჩემი და ჩემი ძმის გარდატეხის ასაკს რო გაუძლო, რაშიც მინიმუმ მედალი ეკუთვნის და დღეს რომ რაღაცას წარმოვადგენთ მეტწილად მაგისი დამსახურება რომაა - აი ეგეთი;
რო ვურეკავ, სანამ მიპასუხებს გული რო მიჩქარდება ცუდი ხმა არ ქონდეს, ცუდად არ იყოს, რამე არ სტკიოდეს, ის კიდე ძალიან გაჭირებულიც კი, ომახიან ხმას რო იყენებს ვითომ კარგადაა - აი ეგეთი;

ერთი წლის წინ, ჩემი ხელით რო ჩამოვუტანე და წავუკითხე დიაგნოზი, ღადაობო სიცილით რო მკითხა, მერე თვითონ რო წაიკითხა და ვაიმე კარცენომა რო ცუდიაო თქვა და თან ისე გაიღიმა, მეგონა თმით ძლიერად დამითრიეს, საფეთქლებთან თავი გამისკდებოდა და  გული გამიჩერდებოდა. ერთ წუთში მოასწრო საკუთარი თავის შეშინება, შეცოდება, დანანება, გულის დაწყვეტა, უცებ მოგვიტრიალდა და ჰა რა ცხვირები ჩამოუშვით ეხლა არა გრცხვენიათო?! მინდოდა მივარდნოდი და სახეში შემომერტყა, 1 წუთი მაინც იფიქრე მარტო შენ თავზეთქო, მარა ვერ გავინძერი... აი ეგეთია...
მოღუშვის უფლებასაც რო არ გვაძლევდა მთელი თვე და აქეთ რო გვამხნევებდა. რო წარმოვიდგენ რის ფასად უჯდებოდა ის სიმხნევე, გული მეწურება. მე რომ "მხნედ მყოფის" თამაში ისე მაცარიელებდა რო მე-4 სართულზე ასასვლელად ძალა არ მყოფნიდა, პადიეზდში საათობით ვიჯექი და ვღრიალებდი, თითონ კი "გასაქცევიც" არ ქონდა და ითმენდა, მარტო იმიტო რო ჩვენ ზედმეტად არ გვენერვიულა... აი ეგეთია;
ნაოპერაციები და ძალიან გაჭირვებული მთელი ღამე რო ვერ იძინებდა იმიტო რო მე არ ჩამძინებოდა და არ გავციებულიყავი - ეგეთია;
მსოფლიოში ყველაზე კარგი, ყველაზე სასურველი  და დასამახსოვრებელი საჩუქარი ჩემს დაბადების დღეზე სულ 3 სიტყვაში რო ჩაატია : "კარგი პასუხები მაქვს" -აი ეგეთი;

დილით რო დამირეკავს, გამოდი საღამოს ჩემთან, საქმე მაქვს აუცილებელიო და რო გავალ და ძალიან ბედნიერი სახით, გაბრწყინებული გამომიტანს მაცივარზე მისაკრობ ცხენს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები - ჭიხვინებს! და რო არ წამოვიღებ ამ ცხენს და ეწყინება - აი ეგეთია :)
ქუჩაში რო იტირა სიხარულისგან, როცა დავიანგარიშეთ და მაგიდისა და სკამების საყიდელი ფული მიგროვდებოდა - ეგეთი;
ვერცხლისფერი მაცივარი რატო იყიდე, იმდენი მისაკრობი პეპლები მაქვს ნაყიდი და ეხლა მაგას არ მოუხდებაო რო შეიცხადა - ეგეთი;

ამ ახალ წელს სიტყვით გამოვიდა - მშვენიერი წელი იყო 2013, მე ძალიან კმაყოფილი ვარო, მეთქი ქალო! კინაღამ მოკვდი რა იყო მშვენიერი?! და...  სამაგიეროდ შენ სახლი გაარემონტეო... :(

ჩემ დედას სასწაული იუმორის გრძნობა აქვს :) მთელი ცხოვრება რო გემახსოვრება ისეთ "შუტკებს აძრობს" :)
ჩემი დედა ყველას უყვარს და ჩემ დედასაც ყველა უყვარს (თითქმის!), ვინც არ უყვარს - არც ეჯავრება.
ჩემ დედას თვალთმაქცობა და აფერისტობა არ შეუძლია. არც ყოველ მეორე სიტყვაში სიყვარულს მიხსნის და სიცოცხლესაც არ მეძახის ყოველწუთს...
ჩემ დედას სიყვარული თვალებში აწერია, სახეზე ემჩნევა და გულიდან მოსდის...

იცით როგორია ჩემი დედა? რო არ უნდა დაბერდეს, არასოდეს არაფერი არ უნდა ასტკივდეს და სულ, სულ, სუუულ რომ უნდა იყოს - ეგეთი.