Well Honey, A blog is formed when your loneliness and your narcissism fall in love with each other :)
Sep 2, 2026
15 years since that life-changing "YES"!
სიყვარულისთვის 15 წელი - 5479 დღე (!) დიდი დროა, ერთად ყოფნისთვის არც ისე, მაგრამ სიყვარულისთვის დიიიდი დროა, განსაკუთრებით ჩემნაირი ადამიანისათვის, ვინც სიყვარულის ნიჭით არ დავბადებულვართ და გვიწევს ყოველდღიურად ვისწავლოთ, როგორ გვიყვარდეს, როგორ ვიპოვოთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე ამ სიყვარულში. მშურს იმ ადამიანების, ვისაც ეს ყველაფერი ბუნებრივად გამოსდის, ჩემთვის რთულია, ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა სწორი ადამიანი რომ არ შემხვედროდა სიყვარულის ობიექტად.
ყოველდღიური გამოცდაა ჩემთვის სიყვარული, ხან წარმატებით ვაბარებ, ხან დამსახურებულ ორიანზე :), მერე კი ისევ თავიდან ვიწყებ და ამდენი წელია არ ვნებდები. ფაქტიურად ნულიდან ვისწავლე შვილების სიყვარული - ინსტინქტურად მხოლოდ ზრუნვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა გამომივიდა. ნულიდან ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარულიც, აი საყვარელი მამაკაცის სიყვარულის სწავლა კი - მინუს უსასრულობიდან დავიწყე.
ჩემი ქმრის შეყვარება ძალიან ადვილი იყო, იმის ფონზე თუ როგორ ვუყვარდი, როგორ ხედავდა იმ თვისებებს ჩემში, რომლებიც მეც არ ვიცოდი თუ მქონდა, როგორ მენდობოდა, როგორ მიფრთხილდებოდა, როგორ ვყოფნიდი - ისეთი როგორიც ვიყავი - არ შეყვარება გაცილებით რთული იყო, ვიდრე შეყვარება.
ნამდვილად რომ მიყვარდა მაშინ გავიაზრე, როცა ჩემს თავს სისუსტის გამოვლენის უფლება მივეცი და მისი თანდასწრებით პირველად ვიტირე, მივხვდი რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე, ჩემი სახლი ვიპოვე, უსაფრთხო ადგილი ვიპოვე - ვისაც მივენდობოდი, დავყრდნობოდი, ვისთანაც ნიღბების ტარება და თამაში არ მჭირდებოდა, უფილტრებოდაც საკმარისი ვიყავი - არეული ფიქრებით, დაბალი თვითშეფასებით, +8 კილოგრამით (olo), გაბურძგნული თმით, შფოთვებით, კომპლექსებით, მანიაკალურად ეჭვიანი, ფეთქებადი ხასიათით. მახსოვს ეს იმხელა შვება იყო, თითქოს ვიხრჩობოდი და ბოლო წამს ამოვყვინთე, თითქოს უმძიმესი ტვირთისაგან გავთავისუფდი...
რამდენადაც ადვილი იყო შეყვარება, იმდენად რთული აღმოჩნდა სიყვარული - გრძელვადიან პერსპექტივაში :) ალბათ რა ბედნიერებაა, ადამიანი ერთხელ შეგიყვარდეს და გიყვარდეს მთელი ცხოვრება. მე ასე ნამდვილად ვერ შევძლებდი, ამიტომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ახლიდან ავირჩიე და ახლიდან შევიყვარე, - როგორც მეგობარი, როგორც შეყვარებული, როგორც ქმარი, როგორც ჩემი შვილების მამა...
არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი ვიქნებით ერთად, ალბათ საკმარისი კრიზისული პერიოდი გადავლახეთ იმისათვის, რომ ვივარაუდო - სავარაუდოდ ერთად ვიქნებით ბოლომდე ( ჩემი ფლეილისტი თუ არ აღმოაჩინა, ან კალკულატორის ისტორია - ორნიშნა და ერთნიშნა ციფრების შეკრებისთვის რომ ვიყენებ). მაგრამ სულ რომ საარაკოდ სკანდალურად დავშორდეთ, ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმისათვის, რომ 16 წლის წინ ფაქტიურად გადამარჩინა, მენტალური ჭაობიდან და თვითგვემიდან ამომათრია, გონება გამინათა, ფიქრები დამილაგა, საკუთარი თავი სულ სხვა კუთხით დამანახა. თავისი სიყვარულით საკუთარი პიროვნების შეყვარების ძალა მომცა. უკეთესობისკენ შემცვალა, რითიც მთელი ჩემი სანათესაოს მადლი მოისხა, უპირობო სიყვარული და სამარადჟამო პატივისცემა დაიმსახურა :)))
ხომ არიან ადამიანები ვინც უბრალოდ გიყვარს, პატივს არ სცემ შენთვის მიუღებელი თვისებების/ქცევების გამო, თუმცა გიყვარს. ან პირიქით, არ გიყვარს მაგრამ პატივისცემით ხარ განწყობილი. ჩემთან ყოველთვის ასე იყო, ან მიყვარდა ან პატივს ვცემდი. ჩემი ქმარი პირველი ადამიანია ვინც თან მიყვარს და თან პატივს ვცემ. ამდენი წელი გავიდა და ისევ თინეიჯერი გოგოსავით "ვქრაშავ" თავისი თვისებების გამო, ბუნებრივად, შინაგანად, ძალდაუტანებლად - როგორი ერთგულია, როგორი სანდოა, როგორი წესიერია, როგორი მეგობარია, როგორი მამაა, როგორი ძლიერი საყრდენია ყველასათვის.
რა თქმა უნდა არის მომენტები, როცა ფიქრებში, მძინარეს, ბალიშით ვგუდავ და კმაყოფილი მივდივარ ციხეში, თუმცა ძირითადად მაინც იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ჩემს ძველ „მე“-ს, მის გაცნობამდე, ოდესმე შეეძლო წარმოედგინა. 15 წლის წინანდელი ნინო, ნამდვილად ამაყობს თავისი თავით, იმითი როგორ ისწავლა სიყვარული და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, როგორ ყოვლად სანატრელ, სანუკვარ და სრულყოფილ მეუღლედ და პარტნიორად გამოიძერწა. :)
რაც შეეხება ჩემი ქმრის გადმოსახედიდან ამ სიტუაციის აღქმას, უმეტესად იმ პრინციპით ცხოვრობს, რომ თუ კაცი ხარ, You've got to stick to your principles
რაც პრინციპში, ძალიანაც მისაღებია :)))
Aug 25, 2026
18!
ახლა აღმოვაჩინე, რომ ზუსტად 18 წელია ეს ბლოგი მაქვს, სამჯერ გონებაში და ერთხელ კალკულატორით გამოვაკელი წლები ერთმანეთს და ბოლომდე მაინც არ მჯერა, 18 წელი იმდენად დიდი დროა :) არადა, ძველ პოსტებს რომ ვკითხულობ, კი ვგრძნობ რამდენი დროა გასული, იმდენი რამ მოხდა ამ 18 წელიწადში. 2 ადამიანი გამოვჩიკე და გამოვზარდე - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ :)
რა უცნაურია, იმდენი ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებასა თუ ზოგადად ინტერნეტ სამყაროში, ისე შეიცვალა ყველაფერი, ამ ბლოგის სიყვარულმა და აქ წერის სურვლმა კი მაინც არ გამიარა. ამ ხნის მანძილზე, წელიწადში მინიმუმ ერთხელ, ან 6 ჯერ, შეიძლება 60 ჯერაც :) შემოვდივარ და რომელიმე შემთხვევით
პოსტს ვკითხულობ :) ძველს, 16-17-18 წლის წინ დაწერილს და თითქმის ყველა პოსტზე ზუსტად მახსოვს როდის დავწერე, რას ვგრძნობდი წერის დროს, სად ვიყავი, როგორ ვიჯექი და როგორ ვწერდი, ვისთვის ვწერდი, ვისთვის არ ვწერდი, რას ვწერდი და ვშლიდი, რას საერთოდ არ ვწერდი :) ფაქტიურად დროის მანქანაა :)
ისიც მახსოვს რამდენი ვიფიქრე სანამ ბლოგს გავაკეთებდი, მაშინ სულ 2 ძირითადი პლატფორმა იყო ბლოგებისათვის. ჩემი მაშინდელი თვითრწმენის დონის ( insecurity) გათვალისწინებით, მახსოვს WordPress-ს ვერ შევეჭიდე და უფრო მარტივი და "საყოველთაოდ ხელმისაწვდომი" ავარჩიე :)
მახსოვს სახელს რამდენ ხანს ვარჩევდი, შემდეგ უკვე ბლოგის დიზაინის არჩევას რამდენი დრო მოვანდომე, იმდენი ვიბოდიალე, 2 თვე პოსტს ვერ ვწერდი და ცარიელი ბლოგი მქონდა :) პირველი 2-3 პოსტის შფოთვებიც მახსოვს, პირველი კომენტარის გულის აჩქარებაც :) ფორუმზე რომ ვიღაცეებმა დაწერეს, ერთ-ერთი საუკეთესო ბლოგია დღიურის ტიპის ბლოგებშიო, მთელი კვირა გაბღენძილი დავდიოდი და გაღიმებულს მეძინა :)
მახსოვს რა ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქაურობა ჩემთვის, ახლაც ასეა, იმიტომ არა, რომ რამე განსაკუთრებულს ვწერდი, უბრალოდ მაშინ ეს იმდენად დიდი ნაბიჯი იყო ჩემთვის, ისეთ პირადულ, რეალურ ცხოვრებაში საგულდაგულოდ დაფარულ გრძნობებს ვავლენდი, ჩემი პიროვნების ისეთი დაფარული ნაწილები გამომქონდა სააშკარაოზე უცნობებისა თუ ნაცნობებისათვის, ახლაც მაოცებს და აღმაფრთოვანებს ის გამბედაობა და ის გულახდილობა, რომლითაც პოსტებს ვწერდი :)
მახსოვს როგორ ვიცლებოდი და რამხელა შვებას მგვრიდა აქ წერა. ჩემი მაშინდელი რეალობისაგან გასაქცევადაც ძალიან კარგი თავშესაფარი აღმოჩნდა აქაურობა. აქ მომწონდა, მიყვარდა, მშველოდა, ზუსტად ის იყო - რაც ძალიან მჭირდებოდა მაშინ.
ამდენი წელი გავიდა და ყველა არეულ ფიქრსა და გრძნობას, დარდს, სიხარულს, წყენას, მონატრებას, ყველა მძაფრ შეგრძნებას რომელიც მიჩნდება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ყველაფერს მინდა ამ სივრცეში მოვუყარო თავი. ახლა როცა ბლოგებს აღარავინ კითხულობს, მინდა თუნდაც მარტო ჩემთვის იარსებოს აქაურობამ. წლების შემდეგ რომ ისევ შევძლო დროში მოგზაურობა, თუნდაც მხოლოდ მაგისათვის;
მაინც არ მჯერა, რომ სრულწლოვანი ბლოგი მაქვს :) ახლა შემიძლია ცუდი სიტყვებიც თამამად ვათქმევინო :)
Subscribe to:
Posts (Atom)


