Nov 20, 2013

Annoying People Everywhere!

ჰუჰ, კი გავიდა ზუსტად 1 წელი ჩემი ბოლო პოსტიდან, მაგრამ არ შევიმჩნევ და პირდაპირ გადავალ პოსტზე, რომელიც იქნება, შემაწუხებელ ადამიანებზე და მათ მიერ ხშირად დასმულ უხერხულ და უტაქტო კითხვებზე.

არ ვიცი თქვენთანაც იგივე სიტუაციაა თუ მხოლოდ მე დამაბერტყა ბედმა ასე უხვად მათი არსებობა გარშემო. აი ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან, ასაკისა და სქესის განურჩევლად. ადრე თითქოს ვერ ვამჩნევდი ამდენნი თუ იყვნენ (ან მე არ ვიყავი მათთვის ასეთი საინტერესო), ახლა კი ჩემი ყოველდღიურობა სავსეა მათი გრძელი ცხვირებით :) და აქ არ იგულისხმება ის ადამიანები ვისაც მართლა აინტერესებს და გული შესტკივა, არაა, აქ ლაპარაკია იმ ხალხზე ვინც კითხვას მისვამს და თან გული უკანკალებს, რაიმე კარგი და ჩემთვის სასიამოვნო არ მოისმინოს პასუხად :)

ბავშვობიდან მოყოლებული ათასობით უტაქტო კითხვა მომისმენია, ვინ უფრო მიყვარდა დედა თუ მამა, ან დედის მხარე თუ მამის მხარე (ნათესავები), შეყვარებული თუ მყავდა, თუ არ მყავდა რატო? არავის უყვარხარ?/შენი მოსაწონი არავინაა? თუ მყავდა და ნწ ნწ ნწ, ეს ავარდნილი, რა დროს ამის ასეთებია, დედაშენმა იცის?  არ გიშლის? და ა.შ. :)))
სკოლის დამთავრების მერე - სად აბარებ? უი მანდ რატო? სამედიცინოზე არ გინდა თუ გეშინია? (!) უფრო მაგარი - მე და დედაჩემი რომ ვიყავით ერთად, დედაჩემს ეკითხებოდნენ - სად აბარებინებთ/სად უნდა მოაწყოთო!! მერე უნივერსიტეტში სწავლისას - ჰა რა ქენი, გასვეტდი? (!) რამე საგანი ხომ არ ჩაგრჩა? (ნუ პარალელურად შეყვარებულის ყოლა/არყოლაც აქტუალური იყო რა თქმა უნდა ). სამსახური ხო არ დაგიწყია? თუ ვუპასუხებდი რო ვაპირებ - უი რატო? რა გაუჭირდა ეგეთი მამაშენს (!) რო შენ სტუდენტობაში გამუშაოს?! დავიწყე მუშაობა და გათხოვების პერსპექტივების მერე პირველი კითხვა იყო ხელფასი რამდენი მაქვს და კიდე შემდეგი - კარგი საქორწინო ბიჭები არავინ მყავს სამსახურში? სადა აქვთ მერე თვალები?
უნივერსიტეტის დამთავრების მერე უფრო და უფრო ცხოველი ინტერესი გაჩნდა იმის თაობაზე ვინმე მყავდა თუ არა და ხომ არ ვთხოვდებოდი. აი გამარჯობის მერე პირველი კითხვა ეგ იყო, რატო არ თხოვდები? არავის უყვარხარ? რაღას ელოდები, 22 წლის ხარ უკვე,  ან დედაჩემს ეკითხებოდნენ - რას შვები არ ათხოვებ? ერთხელ მახსოვს მაღაზიაში გამყიდველი მეკითხება, ასეთი კარგი მშობლები გყავს და რატო ვერ თხოვდებიო :) ნუ თუ ვინმე მამრობითი სქესის წარმომადგენელთან ერთად დამინახავდნენ სადმე - ეს ბიჭი ვინ არის? შენი შეყვარებულია? (იმათ თანდასწრებითაც კი მეკითხებოდნენ ხოლმე).
მერე როცა უკვე სერიოზული ურთიერთობა მქონდა - ვინ არის? ვისი შვილია? რამდენი წლისაა? სად მუშაობს? კარგი ბიჭია? ხელფასი რამდენი აქვს? სახლი აქვს? სად ცხოვრობს? მანქანა ჰყავს? და ან ძმა ყავს? დაოჯახებული? არ მიყვები? რატო არ მიყვები რაღას ელოდები? არ მიჰყავხარ? ქორწილი როდის უნდა გვაჭამო? (!) ვისაც ცოტა შეგნება ჰყოფნიდა კითხვას ასე სვამდა - შენსკენ ახალი ხომ არაფერია? და გაგიჟებით მაკვირდებოდა მარჯვენა ხელის უსახელო თითზე :) 

ნუ ჩემი უარყოფითი პასუხის შემდეგ ყველა თავს აკანტურებდა, და მათ მზერაში გამოსჭვიოდა „ნწ ნწ, საწყალი, არ მიჰყავს ეტყობა იმ ბიჭს“ :)



ო რა ტყუილად მეგონა რომ გათხოვების შემდეგ თავს დამანებებდნენ.. ნურას უკაცრავად, მაშინ დაიწყო თურმე ყველაზე მთავარი! ჩემს ყოველდღიურობაში გაჩნდა კითხვები - ქორწილს არ იხდით? რატო არ გინდა ქორწილი? შენ არ გინდა თუ შენ ქმარს არ უნდა? ცოტა მერე - როგორი ქმარი გყავს? ბედნიერი ხარ? ქმარს ხო არ ემდური? ცუდი სიმთვრალე ხომ არ აქვს? როგორი დედამთილი გყავს? (და თუ პასუხად მიიღეს კარგი, ნორმალური, მოლოდინითა და მუდარით აღსავსე მზერით მიყურებენ, რომ რამე კბილის გასაკრავი დავუმატო პასუხს)  ზუსტად 2 კვირის თავზე დამისვეს პირველად შეკითხვა - „ორსულად არა ხარ?“ გაშტერებულმა რო შევხედე - რა იყო, ზოგი პირველივე კვირას ორსულდებაო :( იმის მერე, აგერ უკვე მე-3 წელია ყოველ დღე ვპასუხობ მაგ შეკითხვას, ოდნავ ტაქტიანები - ახალი ხო არაფერია შენსკენ? და ასეთი სახით მიყურებენ მუცელზე :)
ან ორსულად არა ხარ? - არა - რატო?  პასუხზე, რომ ჯერ არ გინდათ ბავშვი და იმიტომ არ აჩენთ - ასეთი აღშფოთებული სახეებით - აბა რაღას თხოვდებოდი?! შენ ტოლს მე/იმას/იმის მაზლის ცოლს/ უკვე 2/3 შვილი მყავდა/ჰყავდა,
80% რა თქმა უნდა არ იჯერებს იმას რომ ბავშვი არ გინდათ ჯერ (ეგეთი ქალი ხო არ არსებობს) და ისმის კითხვა - ექიმთან არ დადიხარ? შენი ქმარი გყავდა (!) გამოკვლევებზე? შენი ბრალია თუ იმისი? თუ ვპასუხობ რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს - პასუხად მესმის კითხვა - აბა რატო „დედლობთ?“. წარმომიდგენია რამხელა სტრესია და როგორი მტკივნეულია ეს შეკითხვები იმ წყვილებისათვის ვისაც ძალიან უნდა ბავშვი და რაიმე პრობლემა აქვს... 
თუ მოხდა სასწაული და დააჯერე რო ჯერ არ გინდა ბავშვი - რატო? - იმიტომ რომ არ გაქვს საშუალება ამ ეტაპზე სასურველი გარემო შეუქმნა, ჯერ სხვა ასპექტები გაქვს მოსაწესრიგებელი, პასუხად - სახლი/რემონტი სად გაიქცევა, ვისაც საერთოდ არ აქვს იმათმა რაღა ქნან? გააჩინე და ღმერთი (!) ისე არ დატოვებს, რა უნდა ბავშვის გაზრდას, შენი მშობლები მატერიალურად არ დაგეხმარებიან? - პასუხზე რომ არ მინდა 25 წლის, დაოჯახებულ, ზრდასრულ ადამიანს მშობლების კმაყოფაზე შვილის გაჩენა/გაზრდა, ლამის თვალები ბუდიდან გადმოუცვივდეთ - რატომ ვითომ?!
ან კიდევ როცა ზუსტად იციან რო ბავშვის გაჩენას ჯერ არ აპირებ, ან უარესი, გინდა მაგრამ რამე სერიოზული პრობლემა გაქვს - ყველაფერზე  - აბა ბავშვის ყოლაში! ვადების დაკონკრეტებით (შემდეგ წელს აბა ბავშვთან ერთად) და ზოგი ისეთი პიტალოა, სქესსა და გარეგნობასაც კი გიკონკრეტებს!!! (პატარა კუწკუწა გოგო ან პატარა შავტუხა ბიჭი! J
ასევე შეხვედრისთანავე დასმული კითხვების პირველ ხუთეულში შედის ისეთი კითხვები როგორიცაა - როგორ გასუქებულხარ, ჯანმრთელობის პრობლემა გაქ თუ ჭამა გიყვარს? (სულ მინდა ვუპასუხო, უი შენც როგორ გაგცვენია თმა, თქვენი შვილი კიდევ გცემთ სიმთვრალეში? უი შენ ყოველთვის ამ სიმაღლე იყავი თუ მე გავიზარდე ასე ძალიან? ან როგორ გაზრდილხარ, ვიაგრას ხომ არ სვამ?) თუ დაკლებული გაქვს წონაში და - რატო გახდი? რამეზე ნერვიულობ? ქმარი ხომ არ გაბრაზებს? აჰ კიდე ანტიკვარი - შენი ქმარი რაღაც გვიან მოდის ხოლმე სახლში და რამეს ხომ არ მაიმუნობს? :) პასუხზე არა, სამუშაო აქვს ბევრი - ოხ, შენ კი არ გაგაგებინებს ეხლა ყველაფერს! 
კიდევ უფრო სასწაული შეკითხვა - დედამთილმა ოქროები არ გაჩუქა თუ არ გიყვარს ტარება, რატო არ გიკეთია არაფერი? მერე მოყვებიან განხილვას თვითონ რა აჩუქა/აჩუქებს რძალს, იმის რძალს რა აჩუქეს და ა.შ. მერე ისევ მე მიბრუნდებიან - ისე თუ გყიდულობს ხოლმე რაღაცეებს შენი დედამთილი? არ ნანობ XXXX (ვინმე სკოლის დროინდელი თაყვანისმცემელი) რომ დაიწუნე? იმხელა ხელფასი აქვს, თუ შენი ქმარი ჯობია? რითი ჯობია??
გინეკოლოგის კაბინეტთან რო გხვდებიან და - აქ რას აკეთებ? ორსულად ხარ? რა გინდა აბა შემოწმებაზე, რამე გაქვს? -რო პასუხობ  არა არაფერი, ჰორმონებს ვიწესრიგებ, და მაინც რო გეკითხებიან - ქმარმა გადაგდო? (!!!!!)
რა თქმა უნდა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ბავშვის გაჩენით მაინც არ დაცხრება მათი ცხოველი ინტერესი, ისიც ხო უნდა გაიგონ მეორეს ვაპირებ თუ არა? როდის ვაპირებ? მესამეს? ორი ბიჭი თუ მეყოლება - „გოგო მაინც გინდა შენთვის“ ხო უნდა მითხრან, ან მესამე ორსულობა მინდოდა თუ არა, ან აბორტის გაკეთებას ხომ არ ვაპირებ? სპირალი უნდა ჩავიდგა თუ კალენდარი დავიცვა? მერე მილიონი კითხვა და რჩევაც ხო უნდა მოვისმინო ბავშვების გაზრდა/აღზრდის თაობაზე....
აი რატო ხალხო?! არ მესმის რატო უნდა გახდეს საჯაროდ განხილვის საგანი, ჩემი გინეკოლოგთან ვიზიტი, ან ორსულობა, ან ხელფასის ოდენობა ან საერთოდ ჩემი პირადი ცხოვრება, თან ისეთი ხალხის მიერ, ერთადერთხელ რომ მყავს ნანახი... ეს ერთხელ კი არ ხდება, ან ერთიდაიგივე ადამიანი კი არ აკეთებს ამას, არა, პერმანენტული ხასიათი აქვს და შემსრულებელიც მუდმივად ახალია :) ამიტომ ძალიან ძნელია არ გაღიზიანდე და თავი შეიკავო შეურაცხმყოფელი ანდაც არაკორექტული პასუხისაგან, მაშინ როცა ყოველი ასეთი იდიოტური კითხვის მოსმენისას, მათი ოკეანე გადგება ენის წვერზე... მე რომ არ ვსვამ მსგავს კითხვებს და კიდევ სხვა ადამიანები, ესე იგი შესაძლებელია რო არც სხვამ დასვას ხო? და არ მოკვდეს მათი დაუსმელობით, მაშინ აი რატო, რატო გინდათ რო ყველაფერში ცხვირი ჩაყოთ და ხელები აფათუროთ?!

და ბოლოს, ცოტა პოზიტივი :)
ჩემი ძმის შვილი უკვე 4 წლის არის და რა თქმა უნდა, ყველაზე საყვარელი არსებაა დედამიწაზე, მგონი ერთადერთი ბავშვია რომელიც მართლა გულით მიყვარს. ამასწინათ მოვიდა და მეუბნება:
-იცი რა არი ნინო? ზოგიერთ გოგოს შვილი რატომ არ ყავს?
მეთქი შვილი რომ გააჩინო ჯერ დიდი უნდა გაიზარდო და ქმარი უნდა გყავდესთქო,
 - მერე შენ ხო დიდი ხარ უკვე და ქმარიც გყავს, ბავშვი რატო არა გყავს? მიყურებს დამრგვალებული თვალებით.
-ქმარი კი მყავს მარა სახლი არ მაქვს.
-სახლი როგორ არ გაქვს, აბა სად ცხოვრობ?
-ჯერ უნდა გავარემონტო ეგ სახლი და მერე გავაჩინო შვილი.
-ეგ აუცილებელია რო ეგრე გააკეთო?
-კი აუცილებელია...
ფიქრობს ცოტა ხანს და რომ მგონია თავი დამანება და სხვა რამეზე გადაერთო, მეკითხება:
-ყველა ეგრე აკეთებს? ჯერ სახლს არემონტებს და მერე ბავშვს აჩენს?
-არა მა, ყველა ეგრე არ იქცევა...
-აბა გაგეჩინა შენც ჯერ ბავშვი და მერე გაგეკეთებინა ეგ რემონტი! - გამომიცხადა და  გავიდა ოთახიდან :)

Yeah! He's Perfect! <3