Aug 7, 2015

გამარჯობა შვილო! მე დედაშენი ვარ.

ასეთი დაბნეული, აფორიაქებული და შინაგანად მოფუთფუთე არასოდეს ვყოფილვარ, 9 თვის ორსულიც არასოდეს ვყოფილვარ და ალბათ მაგიტომ J დღეს 36 კვირის გავხდით. ექოსკოპიაზე წასვლა მინდა და მეშინია, ბოლოს რომ გნახე, მე 35კვირის ვიყავი, შენ 34.2-ის.  კი ვიცი რომ საშიში არაფერია ამაში, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ, მერე იმაზე უფრო ვნერვიულობ, ამ ჩემი ნერვიულობით არაფერი გავნო და ასე ვბრუნავ წრეზე. იმხელა პასუხისმგებლობას ვგრძნობ შენს წინაშე, გული მისკდება. ხანდახან რო გავიფიქრებ როგორ დავიღალე ამდენი დისკომფორტით, წამლებით, ნემსებით, უჰაერობითა და მოუსვენრობით, სახეში გაწნული სილასავით ამეწვება ხოლმე დანაშაულის გრძნობა და თვალებს ვაცეცებ აქეთ იქით, ვინმემ ხომ არ შემამჩნია მსგავსი უგუნური ფიქრები რო მიტრიალებს თავში J საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, ვერაფერზე ვკონცენტრირდები. ის რომ შენი ამ ქვეყნად მოვლინებს დროისა და პროცესის დაგეგმვა და კონტროლი არ შემიძლია, საერთოდ მაგიჟებს! ჯერ იმ სიმძაფრით ვერ ვგრძნობ ალბათ, როგორც მიყვარხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს კეთილდღეობაზე ასე არ ვინერვიულებდი.
მეშინია შენი J მეშინია არაფერი დაგიშავო, არაფერი გატკინო, არაფერი დაგაკლო. მეშინია ოდესმე სისუსტე არ გამოვავლინო შენი თანდასწრებით და იმედები არ გაგიცრუო, ამიტომ შევიკავე სიხარულის ცრემლები მაშინ, როცა შენი არსებობის შესახებ პირველად გავიგე და მაშინაც როცა შენი დაკარგვის მთელი გულით მეშინოდა. ვიცი, რომ რაც არ უნდა ვეცადო სხვანაირად აღგზარდო, მაინც მშობლებს დაემგვანები რაღაცით, ამის გამო უარესად ვნერვიულობ, ვიქექები საკუთარ პიროვნებაში და აშკარად უკმაყოფილო ვარ, ვცდილობ ჯერ საკუთარი თავი შევცვალო უკეთესობისკენ და ვხვდები რო ვერ ვასწრებ, ძალიან მალე გავიდა ეს დრო და სულ უფრო ჩქარა მიფრინავს, სულ უფრო ცოტა დრო მრჩება შენს დაბადებამდე და მინდა სანამ გაჩნდები, ყოველი წუთი იმისთვის გამოვიყენო რო უკეთესი გავხდე, რათა უკეთესი მაგალითი გქონდეს ცხოვრებაში.
ძალიან, ძალიან მინდა ერთმანეთს შევხვდეთ, რაც უფრო მშვიდობიანად მოხდება ეს, მით უკეთესი. თუმცა, ასეც რომ ვერ მოხდეს, მაინც მშვიდად ვარ, იმიტომ რომ შენ ყველაზე კარგი, მზრუნველი, ძლიერი, ღირსეული და წესიერი მამა გეყოლება დედამიწაზე, ადამიანმა რომელმაც ჩემი, უკვე ჩამოყალიბებული პიროვნების შეცვლა შესძლო საუკეთესო კუთხით, შენ რას გიზამს წარმომიდგენია J. მინდა თავიდანვე ზუსტად იცოდე, ასეთი კარგი იმიტომ არაა რო მამაშენია, ასეთი კარგი როა, იმიტომაა მამაშენი, თორე არც მე ვარ ცუდი გოგო J იმედია საშუალება მომეცემა პირადად დაგიმტკიცო ეს ყველაფერი.
ვერც კი მივხვდი, შენზე ზრუნვა და ფიქრი მთავარ პრიორიტეტად როგორ გადამექცა. არ ვნანობ ამდენ ხანს რომ გადავდეთ შენი გაჩენა. ვისურვებდი უფრო მომზადებულები შეგხვედროდით, არა მარტო მატერიალურად რა თქმა უნდა. მინდა ყველაფერი საუკეთესო მოგცეთ მანამ, სანამ შენ თვითონ შეძლებ, საკუთარი ძალებით მოპოვებას.  
იმდენი რამის თქმა მინდა შენთვის, იმდენი რჩევისა და დარიგების მოცემა, თან ისე მეშინია უნებლიედ ჩემი აზრი თავს არ მოგახვიო... ყველაზე ძალიან მინდა ჯანმრთელი და დღეგრძელი იყო, და რა თქმა უნდა ბედნიერი. ბედნიერი იმ გაგებით, როგორიც შენთვისაა მნიშვნელოვანი და არა გარშემომყოფთათვის. მინდა ყოველთვის ის აკეთო რაც გაგაბედნიერებს, და ძალიან მინდა შევძლო ამაში ხელი არ შეგიშალო. სულაც არ მჭირდება კლასში ყველას ჯობდე, შენი სასახელოობა და პირველობა. ვეტერინარობა გენდომება?-რა ჯობია მერე ცხოველებს, სპორტსმენობა?-მე ვიქნები შენი პირველი "ჩერლიდერშა", მასწავლებლობა?-რა სჯობს მერე ბავშვებისთვის განათლების მიცემას, ძალიან გთხოვ პროქტოლოგობასა და გინეკოლოგობაზე ნუ დამაწვრილმანებ, ეგეც გამიხარდება თუ შენ გაგაბედნიერებს :) 
მინდა იცოდე, ყველაზე, ყველაზე მთავარი ცხოვრებაში ჯანმრთელობაა, ამიტომ ნებისმიერ ფასად გაუფრთხილდი მას და ყოველთვის სათანადო მნიშვნელობა მიანიჭე. აუცილებლად იზრუნე იმაზე რომ ჯანმრთელი იყო, არ მიაყურადო მცირე ჩივილები და უმნიშვნელო ტკივილიც კი. გახსოვდეს, თუ ჯანმრთელი ხარ, ყველაფრის მიღწევას შესძლებ რასაც მიზნად დაისახავ!
მინდა ყოველთვის გახსოვდეს, არცერთი ბიჭი შენზე უკეთესი არ არის და შენზე მეტად არაფერს იმსახურებს, მარტო იმიტომ რომ მამრობითი სქესისაა. ძალიან მინდა ისეთ გარემოში მოგიწიოს ცხოვრება, სადაც ეს ფაქტი განხილვის ღირსიც აღარ იქნება, თუმცა მეეჭვება ასე უცებ მოხდეს საზოგადოების გარდაქმნა, ამიტომ მინდა თავიდანვე დაგარწმუნო შენს ძალებში და უპირატესობებში. არ მინდა ოდესმე რაიმეს გაკეთებისგან თავი შეიკავო, მარტო იმიტომ, რომ ქალს არ შეშვენის და არა იმიტომ რომ შენს მორალურ პრინციპებში არ ჯდება. არასოდეს დააჩაგვრინო ვინმეს თავი, და არც შენ გადაწიო შენი ინტერესები უკან, მარტო იმის გამო რომ ქალი ხარ!
ძალიან მინდა პასუხისმგებლობის გრძნობა ჩაგინერგო, ისეთი როგორიც მამაშენს ბავშვობიდან აქვს, მე კი მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ. მინდა ყველა შენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ნათქვამ სიტყვებსა და ჩადენილ საქციელებზე შეგეძლოს პასუხისმგებლობის აღება მთლიანად. ვიცი რომ ძნელია და დიიდი თავის ტკივილისთვის გიმეტებ, მაგრამ დამიჯერე, ასე ჯობია.
ყოველთვის დაფიქრდი სანამ რაიმეს იტყვი ან გააკეთებ. ეცადე სერიოზულად მიუდგე ნებისმიერ საკითხს. თუ რამეში დარწმუნებული არ ხარ, თავს ნუ გამოიჩენ "ცოდნითა და განსწავლულობით". ტუტრუცანა ქალზე უარესი, მხოლოდ ტუტრუცანა კაცია ბუნებაში, მარა როგორც შენ თვითონაც ნახავ, იმათ ჩვენზე მეტი ეპატიებათ J
მინდა პატიება შეგეძლოს და არასოდეს მოგერიდოს პატიების თხოვნის, იმტომ რომ, მე მხოლოდ მამაშენთან შეხვედრის შემდეგ ვისწავლე ეს და გული მწყდება 22წლის მანძილზე რომ არ შემეძლო ამის კეთება. მინდა იცოდე, რომ სიძულვილი, ბოღმა და შური ყველაზე მეტად შენ გვნებს და სასიკეთოს ვერასოდეს ვერაფერს მოგიტანს. როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, სულ გახსოვდეს, რომ სხვას შენზე მეტად უჭირს, არასოდეს დაგავიწყდეს იყო მადლიერი იმისათვის რაც გაქვს. იცოდე რომ დაუნახაობა ძალიან ცუდი თვისებაა ადამიანში და შინაგანად გაგაფუჭებს.
ტყუილის თქმა და მლიქვნელობა, ყველაზე მდაბიო და სასირცხვილო საქციელია რაც ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს. ეცადე არასოდეს მოიტყუო, ისე იცხოვრო რო ტყუილის თქმა არ დაგჭირდეს. განსაკუთრებით ეცადე იმ ადამიანებს არ მოატყუო, ვინც გენდობა და უპირობოდ უყვარხარ. გახსოვდეს, რომ სულ პატარა, უწყინარი ტყუილიც ტყუილია.
მინდა ძალიან მამაცი და გამბედავი გოგო იყო, არასოდეს ჩაიქნიო ხელი შენი მიზნებისა და ოცნებების ასრულებაზე. შეცდომის დაშვების შიშით, არასოდეს შეიკავო თავი რამე ისეთის გაკეთებისგან, რაც სიამოვნებას მოგანიჭებს. მინდა ძლიერი იყო, დაჩაგვრა რომ ვერც კი გაგიბედონ ისეთი!
მინდა შენი უპირობო სიყვარული შევძლო, შენით ვიამაყო იმიტომ რომ ისეთი ხარ როგორიც შენ გინდოდა ყოფილიყავი, და არა იმიტომ, რომ ჩემი და მამაშენის იმედები და მოლოდინები გაამართლე. მინდა ისე ცხოვრების საშუალება მოგცე, როგორც შენ მიგაჩნია სწორად და არა საზოგადოებას.
მინდა შევძლო და კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მოგცე საკუთარი ცხოვრების დაგეგმვაში, ვიდრე მე მქონდა. ნუ გაგიხარდება, თავისუფლება ძალიან საშიში რამაა, იმდენად საშიში, რომ ჯობია ზოგმა საერთოდ არ იცოდეს მისი არსებობა. მჯერა შევძლებთ დროულად გაითავისო, რომ თავისუფლება ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს, და როცა ამ სიტყვის მნიშვნელობას გაიგებ, არ გეგონება, რომ მთელი სამყარო და განსაკუთრებით მე და მამაშენი, შენი თავისუფლების შეზღუდვას ვცდილობთ.
მინდა საშუალება მოგცე ის პროფესია აირჩიო რაც შენ გინდა, მაშინ აირჩიო როდესაც მიზანშეწონილად ჩათვლი. მაშინ ჩააბარო როცა ჩათვლი რომ მზად ხარ სწავლისათვის. შენ თვითონ გადაწყვიტო რომელი ღმერთია ჭეშმარიტი, თუკი საერთოდ  ჩათვლი რომ არსებობს. შენ თვითონ გადაწყვიტო ოდესმე ოჯახს შექმნი თუ არა, შვილები გეყოლება თუა არა, მთა ჯობია თუ ბარი, ნუთელა თუ არაქისის კარაქი, BMW თუ მერსედესი, კეტჩუპი თუ მაიონეზი, მათემატიკა თუ ქართული, პირსინგი თუ ტატუ, საზამთრო თუ ნესვი, ევროპა თუ ამერიკა... მინდა ჩემი ეგოისტობის გამო შენში დამოუკიდებლობის გრძნობა არ შევზღუდო და იმაზე მეტად გავაღვივო, ვიდრე მე განაჩნია.
მინდა შრომას თავიდანვე მიეჩვიო. კარგად გააცნობიერო რომ შენი შრომით მოპოვებული ნებისმიერი რამ უფრო ტკბილია ვიდრე უზრუნველად მიღებული. კარგად დაიმახსოვრე, ყველანაირი შრომა, ნებისმიერ ასაკში, დასაფასებელია და საამაყო.
მინდა ადამიანების სიყვარული გასწავლო, (ცხოველებისას მემკვიდრეობით გადმოგცემ ვგონებ ) სხვისი გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა, გაცნობიერება და გათვალისწინება. მინდა ზრდილობიანი იყო. სულ გახსოვდეს რომ გამარჯობა, მადლობა და ნახვამდის - არასოდესაა ზედმეტი. რომ მომსახურე პერსონალთან უხეშობა, მხოლოდ პატარა ადამიანებს ახასიათებთ, ზემოდან ყურება კი მარტო დაკომპლექსებული, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა.  ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა მოკლევადიანი კმაყოფლებაა, არ გადახდა კი, შენი პიროვნული სიძლიერის გამომხატველია და არა სისუსტის, შენი გადასაწყვეტია რომელი მეტად გიღირს. ეცადე არასოდეს მოიძულო ადამიანი მარტო იმიტომ, რომ ისეთი არ არის როგორც შენ, ანდა ისეთი როგორიც შენ გინდა რომ იყოს, ყველას აქვს უფლება საკუთარი ცხოვრება ისე წარმართოს, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად, შენც ეცადე საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებას მიხედო, ვიდრე სხვის ცხოვრებაში აფათურო ხელები.
მინდა დროის ყადრი იცოდე. მალევე მიგახვედრო იმას, რომ „ყველაფერი წარმავალია“ მხოლოდ სიტყვები არ არის.  მინდა იმის გაფრთხილება ისწავლო რაც შენთვის ძვირფასია და იმის დროულად გაშვება, რაც ზედმეტ ტვირთად გაწევს. მინდა მშობლებს და საყვარელ ადამიანებს სიყვარულით და პატივისცემით მოექცე ყოველთვის, იმიტომ არა, რომ მე ვარ მშობელი, იმიტომ რომ შენ არ გქონდეს მომავალში სანანებლად და გულდასაწყვეტად რაღაცეები.
მინდა ისეთი სამართლიანობა ჩაგინერგო როგორიც მე და მამაშენს გვაქვს, ოღონდ მისი გამოხატვის ფორმებს თუ დახვეწავ, ყველასთვის უკეთესი იქნება დამიჯერე J არასოდეს არავინ დაჩაგრო და ამით თვითშეფასების ამაღლებას არ ეცადო, გარდა იმისა, რომ სხვისი ჩაგვრა ღირსეულ ადამიანს არ შეშვენის და მხოლოდ პატარა ადამიანების თვისებაა, შეიძლება ერთ დღეს შენ აღმოჩნდე დაჩაგრული და ვეღარასდეს აღიდგინო საკუთარი თავის რწმენა. ყველანაირად ეცადე დაიცვა ის, ვისაც ჩაგრავენ, თუნდაც არავინ დაგიფასოს, შენ თვითონ გესიამოვნება დამიჯერე.
მინდა რომ წარმატებას მიაღწიო იმ სფეროში რომელიც გეყვარება და სიამოვნებას მოგანიჭებს, მინდა რო შენი წარმატება თავში არასოდეს აგივარდეს არასოდეს დააყენო ვინმე/რამე შენს ღირსებაზე წინ, ოღონდ ისე რომ ქედმაღლობაში არ გადაგივიდეს. მინდა გთხოვო, რა სფეროსაც არ აირჩევ სამოღვაწეოდ, ყოველთვის ეცადე გამართულად წერა და ლაპარაკი შეგეძლოს. ამაში კითხვა დაგეხმარება, ბევრი კითხვა.
ეცადე მატერიალური ფასეულობები და კეთილდღეობა არასოდეს დააყენო არამატერიალურზე წინ, "მეშჩანკა" ადამიანზე უარესი, მოხოლოდ ტუტრუცანა შეიძლება იყოს ბუნებაში, იმ განსხვავებით, რომ "მეშჩანობა" მუდმივ უკმარისობაში, შურსა და ბოღმაში გამყოფებს და მთელი ცხოვრება დაგტანჯავს. 
ეცადე ბევრი იმოგზაურო, ყველაფერი ნახო, რისი ნახვის შესაძლებლობაც მოგეცემა ცხოვრებაში.
არ გაჩერდე! არასოდეს დაკმაყოფილდე არსებულით. გახსოვდეს ყოველთვის, ყველა ასაკში და მდგომარეობაში შეგიძლია მიაღწიო სასურველს თუ მოინდომებ, არ დაგეზარება, ან არ შეგეშინდება.

მინდა წინასწარ პატიება გთხოვო ყველაფრისათვის, რასაც მომავალში  ნებით ან უნებლიედ გაწყენინებ. მაპატიე თუ ოდესმე იმედებს გაგიცრუებ ჩემი სისუსტით ან ზედმეტი სიმკაცრით. მაპატიე, რომ შენ ისეთი დედა ვერ გეყოლება როგორიც მე მყავს. იმდენ სითბოსა და სიყვარულს რომ ვერ მოგცემს რამდენიც მე მქონდა ბავშვობაში. მაპატიე რომ ისე ვერ გეფერები და გესიყვარულები, როგორც შენს თანატოლებს ეფერებიან მშობლები, ხანდახან, რომ არ მაძინებ და გეჩხუბები ხოლმე, ეგეც მაპატიე. ხორცებით და ვიტამინებით რო ვერ გგკვებავ და 2.5 კილოს ვერ აგაცილე, მაგაზეც გიბოდიშებ. მაპატიე რომ "ბაჭაჭყოს" გეძახი „ჩემი გოჭი, ბაჭია, ბასასუნა, ბუსუსუნა“-ს მაგივრად. შენ რო დასვენება გინდოდა, მე კიდევ გულის წასვლამდე ვმუშაობდი ამ ბოლო დღეებში, ხანდახან ჩიფსებსა და მაიონეზიან ბადრიჯანს რომ გაჭმევ, ჟანგბადიან ადგილებში რო არ დამყავხარ კიარადა, სამსახურიდან მოსულს, სიგრილეში გასეირნებაც რო მეზარება, რომ გავბრაზდები და ამდენ ცუდ სიტყვებს გასმენინებ, იმის ნაცვლად გიმღერო და კლასიკურ მუსიკას გაზიარო, ეგეც მაპატიე და ისიც, ხანდახან რო გიმღერივარ ხოლმე J  მაპატიე რომ ახლა, როცა ამ წერილს გწერ, მეზობელი სიმინდს ხარშავს, სუნი შემომდის და გონებას მიფანტავს, მხოლოდ მარილმოყრილ, ჩაწიკწიკებულ მარცვლებიან, სურნელოვან, ახალმოხარშულ სიმინდის მადისაღმძვრელ ტაროებზე ვფიქრობ და შენთვის სათხოვნელი პატიებების ნუსხა აქ მიწყდება J
მადლობა მინდა გითხრა იმისათვის, რომ ჯერ არ დაბადებულხარ და უკვე ძალიან ბევრი რამ მასწავლე და ბევრ რამეს მიმახვედრე. შენი წყალობით, ახლა სულ სხვა თვალით ვუყურებ დედაჩემს, არა ისე, როგორც აქამდე, რომ დიახაც აუცილებელი იყო ასეთი კარგი, თბილი და ძლიერი ყოფილიყო, აბა სხვაგავარად როგორ შეიძლებოდა, არამედ თითქოს მასთან ერთად გავდივარ ყველა იმ ნაბიჯს რაც მან გამოიარა, რასაც გაუძლო და დღემდე უძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული, გზაზე დაყენებული შვილები ყავს და აგერ მესამე შვილიშვილს გელოდება უკვე.  მადლობა იმისათვის რომ ბევრ რამეზე დამაფიქრე, ჩემი პრინციპები და შეხედულებები სხვაგვარად გადამაფასებინე, უკეთესობისკენ რა თქმა უნდა.
მადლობა იმისათვის, რომ საშუალება მომეცი, მამაშენის ის უსაზღვრო სიყვარულით სავსე თვალები და გამოხედვა მენახა, როცა მუცელზე ჩუმად მიყურებს ხოლმე, მისი ასეთი უპირობო ზრუნვის ობიექტი ვყოფილიყავი, გამოგიტყდები და ეგოისტურად, ხანდახან ისიც მსიამოვნებს, ასე რო ნერვიულობს და განიცდის ყველაფერს. შენ ჯერ არ იცი როგორ გაგვიმართლა ორივეს, ჩვენი საკუთარი ლექსო რო გვეყოლება გვერდით J.
მადლობა იმ შეგრძნებებისთვის, შენი, თავიდან ნაზი ფუთფუთი, ახლა კი უკვე ჯგველმა რომ იწვევს ჩემში, იმ ერთი წამისათვის, დილით რომ ვიღვიძებ, შენ რომ ისევ გძინავს და გაყურადებ ჩუმად, მერე ნელ-ნელა ვფორიაქდები, ვაითუ..... ამ დროს იღვიძებ და გულზე მეშვება. მერე რო გაიზმორები, ნაღველს და ღვიძლს ერთმანეთში ამიზილავ, მარცხენა საკვერცხეზე ფეხებით შემდგები, შარდის ბუშტზე დამაწვები და ტუალეტამდე ცრემლმორეულს მიმარბენინებ, სადაც მამაშენი ახალი შესულია დასაბანად! J

წერილის დაწერა რომ გადავწყვიტე, მეგონა ჭკუის დარიგებას არ დაგიწყებდი ცნობილი საზოგადო მოღვაწეებივით „ასე ჰქმენ შვილო, რამეთუ მისი არქმნაი ცუდ არს“ და ა.შ, მაგრამ მაინც შემეპარა დამრიგებლური ტონი შიგადაშიგ. ესეც უნდა მაპატიო. ბოდიში თუ დაგღალე, მაგრამ მინდა იცოდე, ეს მხოლოდ დასაწყისი და მსუბუქი მოთელვა იყო, შენ ხომ ჯერ მამაშენს არ იცნობ J

შეხვედრამდე.




No comments: