Jul 10, 2023

Trying not to die with my dead

26 იანვრის ღამეს, მამაჩემი გარდაიცვალა. ასე, უბრალოდ, გარდაიცვალა და მორჩა, მოკვდა, აღარ არის. ექიმმა გვითხრა, სამწუხაროდო... მე კი არა, ჩემს ძმას, ტელეფონით, იმიტომ რომ მამაჩემი საავადმყოფოში მოკვდა, რეანიმაციაში, მარტო, ოჯახისგან, თავისი საყვარელი სახლიდან 100 კილომეტრით მოშორებით.  ბოლო წუთებში, არავინ ვყავდით გვერდით, ვინც ხელზე ხელს მოუჭერდა, ვინც ეტყოდა, რო ნუ გეშინია, ნუ გეშინია ჩემო საყვარელო ბიჭო, ნუ გეშინია, მშვიდად დაიძინე, მშვიდად შეცურე მარადისობაში, დაასვენე შენი გატანჯული სხეული და დაღლილი, დაფლეთილი გული. ჩვენზეც ნუ გეშინია, კარგად ვიქნებით, რა გვიჭირს, თავის გასამხნევებელი ფრაზების მეტი რა ვიცით,- აგერ ყველაზე ხშირად თავს რითიც ვიმხნევებთ, "დაისვენა საწყალმა" "ხალხს შვილები უკვდებათ" "რაღაც ხო მაინც მოასწრო, უფროს შვილიშვილებს ხო მაინც ემახსოვრებათ გია პაპა, პაპიკუნა"...  ერთმანეთსაც ვამხნევებთ, მარტო საკუთარ თავებს კიარა, - მაგისთვის ეგრე ჯობდა ხო?! ღირსეულად წავიდა, ხო?! გონება რო საღი ჰქონოდა და სხეული არა, უფრო არ დაიტანჯებოდა?! მაგისთვის ყველა ცოდოა, უფრო ცოდო არ იყო?! ხო? ხო? და თან საპასუხოდაც დასტურს ველოდებით, კიკი აბა რა, ეგრე ერჩივნა, საწყალს, ნწ ნწ ნწ...  გულში ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, არანაირად არ ერჩივნა 63 წლის მომკვდარიყო. ეგეთი სიცოცხლის წყურვილით ავსებული და სიცოცხლით გაუმაძღარი, არავინ გვყავს გარშემო, მაგის ადგილას, 10 წლის წინაც დავნებდებოდით და ხელს ჩავიქნევდით ყველანი, ყველაფერზე... მარა მამაჩემს სიცოცხლე უყვარდა, სიცოცხლის ხარისხს უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა, უბრალოდ უნდოდა ცოცხალი ყოფილიყო. დიალეზზე გადასული ჩემნაირი პაციენტებიო, საშუალოდ 7, კარგ ვარიანტში 10 წელიც ცოცხლობენ, თან მედიცინაში ყოველდღე სიახლეებია, 15 წელიც რო გავქაჩო, რა მაგარი იქნება, ხო მამიო?! აღარ ვიმსუნაგებ და ცოტა დიეტასაც მივახმარ, რა უნდა, განა რა უნდა გამიჭირდესო, 15 წელიო, 15 წელიო და ადგა და 3 თვეში მოკვდა. 2 კვირა იბრძოლა, ეჭიდავა სიკვდილს თავისი დაღლილი გულით, თითქმის აჯობა კიდეც, იმიტო რო თავის არეულ, ქოთქოთა სახლში უნდოდა. სასწაულიაო, როგორ იბრძვისო ექიმმა, მეორე დღეს კიდე, სამწუხაროდო... 
ხანდახან ეხლაც მესმის ლექსოს ხმა, პაპა აღარ არის, უცებ დამძიმდა და ვეღარაფერი უშველესო... აესე, კითხვაც რო აღარ გაგიჩნდება დამატებით, რა? როგორ?... სრული ტრაგედია 1 წინადადებაში. 
ზიხარ ღამის 5 საათზე სიბნელეში, გინდა ძირს გაწვე, იატაკს ურტყა თავი და მთელი ხმით იტირო, იღრიალო, ეს სულისშემხუთველი ტკივილი, ბრაზი და უსამართლობის განცდა ამოანთხიო. ვერაფერს შვები. ზიხარ უბრალოდ გაქვავებული. არადა ძაან ჩვეულებრივად თენდება, აგერ უბანი აფუსფუსდა უკვე, მანქანები, ადამიანები სრულიად ჩვეულებრივად დადნიან, არადა ამხელა რაღაც ხდება, ვივამედის კლინიკის რომელიღაცა პალატაში ჩემი მამა წევს, სრულიად უმოძრაო და დადუმებული, აღარ სუნთქავს, მისი გული აღარ ფეთქავს უკვე რამდენიმე საათია. და ძალიან, ძალიან მცირედ, გეპარება გულში დედააფეთქებული იმედის სხივი, რო იქნებ არც მოკვდა და შეეშალათ, ყოველდღე ვიღაც კვდება მაგ კლინიკაში და იქნებ ეს არც არის?! რა, ნახე შენი თვალით?! ღმერთო ღმერთო, რო რამე, არც კი გავბრაზდები! თან იცი, რომ ეს უბრალოდ უარყოფის ფაზაა, თან გადაწყვეტილი გაქვს, სანამ შენი თვალით არ ნახავ, ეს დამპალი იმედი შენთვის დაიტოვო და უმწეოდ ჩააფრინდე, მთელი ძალით.
პირველი ნამდვილი ელდა რაც მასოვს, ქუჩაზე რო შევუხვიე, ზუსტად მაშინ, ვიღაც კაცს მამაჩემის გადიდებული სურათი ეჭირა ხელში და ჩემი სახლისკენ მიჰქონდა, ჩემი მამის  სურათი, შავ ჩარჩოში... 
უყურებ და გიკვირს ვაფშე როგორ სუნთქავ, როგორ დგახარ, ეს რანაირი მამაჩემია, ეს ნატანჯი, უცებ დაბერებული, რანაირი მამაჩემია, ეს ზუსტად ჩემნაირი თითები, ზუსტად ჩემნაირი თვალები, ზუსტად ჩემნაირი წარბები, ზუსტად ჩემნაირი პირი... ეეეს რანაირი მამაჩემია?!!! სულ, სულ გინდა ეს სიშლეგემდე მისული ტკივილი და ბოღმა ამოიღრიალო, კედელს შეალეწო რაც ხელში მოგხვდება, მარა ვერ შვები. ჯობია რამე გაიხსენო, რამე კარგი, სასაცილო თუ იქნება უკეთესი, მერე შენი გოგოებიც მოვლენ და მერე ცოტა არაუშავს, გაატაინებ. 
ნახევარი წელი გავიდა, სულ მახსოვს რო მამა მომიკვდა, სიზმარშიც კი ყოველთვის ვიცი, რო მამა მომიკვდა, მარა ხან არის მომენტი, მოულოდნელად, მთელი სიცხადით ვაცნობიერებ, რო ჩემი მამა მოკვდა, და მეც თითქოს ვკვდები წამიერად. 
არ ვიცი რამდენად სწორს ვშვები და საბოლოოდ ეს რა შედეგს მომიტანს, მარა დარდს ვიზოგავ, მკაცრად ვაკონტროლებ, ვცდილობ ემოციებს არ ავყვე, რაღაც მომენტში თავს უფლებას ვაძლევ ვიდარდო და მერე შევჩერდე, იმიტო რო, აი რა აზრი აქვს, რაღა აზრი აქვს ვაფშე რამეს.. ყოველდღე იღვიძებ, და გინდა უბრალოდ არ იყო, განა ამ რეალობაში, საერთოდ არ იყო, გინდა შავმა ხვრელმა გაგიწოვოს, ჯანდაბაში. ხან ერევი ამ შეგრძნებას, ხან მთელი დღე მასთან თანაცხოვრობ. 
მთავარია არ შეგეტყოს, მამაშენის სახლში ყოველი შესვლის წინ, რო თითქოს კვდები. მის სუნებს რო ეძებ სახლში და თითქმის აღარაფერს აქვს, რასაც აქვს იმასაც იზოგავ, ყოველ მისვლაზე არა, თითქმის სულ რო მიგავიწყდება, მარტო მაშინ. 
თან სულ იმას იხსენებ ბოლოს რა გითხრა და რა უთხარი? ძალიან მიყვარხარო, არრრაა, მე უფრო მიყვარხარო, და გიხარია, ბავშვობის მერე არ გითქვამს და ეხლა რო უთხარი, კი იცოდა ისედაც მარა, რო უთხარი ხო როგორ გაუხარდა, ხო?! შენც როგორ გაგიხარდა... ნეტა ჩაგეწერა ეგ ზარი, რა მოხდებოდა რო ჩაგეწერა, ღმერთო, ეგ ზარი რო ჩაგეწერა!!!!! 

მთავარია არ გაჩერდე, ყველა გადადებული წიგნი წაიკითხე, რაც უფრო სქელტანიანი - უკეთესი. შეგიძლია აგერ ჩანთები მოქსოვო, მძივები აასხა, დღეში 12 საჭმელი გააკეთო, კეტებზე გულები ამოქარგო, რა ჯანდაბაც გინდა ქენი, რაც შეილება ბევრი სამუშაო აიღე, რაც ნაკლებ დროს და ენერგიას დაგიტოვებს - უკეთესი; just try not to die with your dead!!!!



ხო არი ცხოვრებაში მოვლენები, რომლებითაც მოგონებებს ახარისხებ, აი მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, სახლი არ გვქონდა ჯერ ნაყიდი, ლილე არ მყავდა ჯერ და ა.შ; ეხლა ყველაფერს ორი დრო აქვს, ჩემი მამა რო ცოცხალი იყო და ახლა..... 


No comments: