Aug 31, 2012

Happy Anniversary


მახსოვს სულ რამდენიმე თვის წინ ვწერდი თუ როგორ უნდა გიყვარდეს უცხო ადამიანი რომ აკეთო მისი გულისათვის ისეთი რაღაცეები რაც აქამდე არ გიკეთებია და წარმოუდგენლადაც კი გეჩვენება მათი კეთება, საკუთარი კეთილი ნებით რა თქმა უნდა :) და ასევე ვწერ, რომ შეყვარებულიც ვყოფილვარ და ძალიანაც მყვარებია და ბლია ბლია ბლია :) ვის ვატყუებდი, მკითხველს თუ საკუთარ თავს, დღემდე ვერ ვიგებ, თუმცა ბოლომდე გულწრფელი რომ არც ერთთან ვიყავი ეგ ნათელია :)
ზოგადად მე და ოჯახური ურთიერთობები ყოველთვის შორს ვიყავით ერთმანეთისგან. ძალიან ღრმა ბავშვობაშიც კი ალბათ არასოდეს დამცდენია სიტყვა გათხოვებაზე, ქმარზე, შვილებზე, ქორწილზე და ა.შ. არასოდეს მიფიქრია რო „აი რო გავთხოვდები“ „აი ჩემი ქმარი ასეთი უნდა იყოს“ „ასეთი და ასეთი ქორწილი და საქორწილო კაბა მეცმევა“ „ამდენი შვილი მეყოლება“.... ყოველთვის მეგონა რო ან საერთოდ არ გავთხოვდებოდი, ან გავთხოვდებოდი ასე 32-35 წელს გადაბიჯებული. სარფიანად გათხოვება და ქერის ორმოში ჩავარდნა ნამდვილად არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი :) ნუ ქორწილი რო არასოდეს მექნებოდა და საქორწილო კაბაში არასოდეს ჩავჯდებოდი ეგ ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, ალბათ დაბადებიდანვე :)
შვილს რაც შეეხება, ბავშვებთან გულთბილი დამოკიდებულებით არასოდეს გამოვირჩეოდი, უფრო პირიქით, კიარადა ძალიან პირიქით, არასოდეს მევასებოდნენ, შესაბამისად დარწმუნებული არასოდეს ვიყავი რომ ჩემს რეპროდუქციულ ორგანოებს ოდესმე მთავარი დანიშნულებისამებრ გამოვიყენებდი, მითუმეტეს რამდენჯერმე :) ნუ ახლა ეს მიდგომა ცოტა შევიცვალე, ვიცი რომ გამოვიყენებ, ოღონდ როდის და რამდენჯერ ეგ ჯერ არ გადამიწყვეტია. თუმცა ალბათ არც ისე ძალიან მალე როგორც გარშემომყოფთ გონიათ და არც ისე ძალიან გვიან როგორც ამ წუთას ვფიქრობ :)
გვერდით როგორი კაცი მჭირდებოდა ეგ ყოველთვის ზუსტად ვიცოდითქო რომ ვთქვა მოგატყუებთ, იმიტომ რომ, იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდები, რო ისე მიქროდა და ისეთ სისულელეებს ვფიქრობდი ( საბედნიეროდ, ჭკუა მყოფნიდა და არ ვაკეთებდი) რო ეხლა თან მეცინება და თან ძალიან ვბრაზდები. მარა რაც ცოტა ჭკუა დამილაგდა და გონებიდანაც ბინდი გადამეწმინდა, უკვე ვიცოდი რომ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი არასოდეს იქნებოდა ჩემზე ნაკლებად განათლებული, ნაკლებად ჭკვიანი, ნაკლებად ნაკითხი, ნაკლებად გონიერი, ნაკლებად მიზანდასახული, ჩემზე დაბალი :) ჩემზე ზარმაცი :) ჩემზე არასერიოზული :) არასოდეს ექნებოდა დაკვნეტილი და მოუვლელი ფრჩხილები :) არ ეცმეოდა უმკლავებო მაიკები, წვივებამდე სიგრძის ფართხუნა შორტები :) უქამრო შარვლები, აუცილებლად იქნებოდა ფინანსურად დამოუკიდებელი, არ იქნებოდა ქერა და ლამაზუნა, არ იქნებოდა დედიკოს ბიჭი, (და აუცილებელი არაა სახეზე ეტყობოდეს რო ჩმორია, სულით და გონებით რო დედიკოს ბიჭია ადამიანი ეგ უფრო ძნელი გამოსაცნობია), და ჩემი, თავისი და ზოგადად ყველას საკეთილდღეოდ, უნდა ყოფილიყო ბუნებით ერთგული, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ადამიანს თუ ხასიათში არ გაქვს ერთგულება, მაგ გრძნობას ვერ გამოიმუშავებ ხელოვნურად ვერასოდეს :)  ნუ კიდე რა?! ა ხო, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩემზე ძლიერი ბუნების, იმიტომ რომ საშინელი ხასიათი მაქვს, მუდმივად ვეჯიბრები და ვეპაექრები ადამიანს, აშკარად და ბოროტულად კი არა ოღონდ, რავი როგორ ვთქვა... და თუ „დავიტანე“ მერე ყველანაირ ინტერესს ვკარგავ მის მიმართ (კიარადა ვკარგავდი ხოლმე :) ) და არანაირი სურვილი არ მაქვს რო სიძნელეების დროს ჩემმა პარტნიორმა მამაკაცმა ჩემს მხარზე თავმოდებულმა იქვითინოს :)
ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ მთელი ცხოვრება ვეძებდი ან მეძებდა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს, მართალია დიდი მეგობრობა და ახლობლობა არ გვაკავშირებდა, მარა მაინც. ნუ მერე ურთიერთობამ მოიტანა უფრო ახლოს გაცნობა ერთმანეთის და ყველა ახალი თვისების აღმოჩენაზე უფრო და უფრო მეტად ოოო და ოოოო :) ხოდა ერთ დღესაც გამომიცხადა რომ ძალიან მოვწონვარ და სულ გამოსირდა :) ვერ ვიტყვი სიხარულისგან გული გამისკდათქო, რადგან ბოლომდე ვერც მივხვდი რისი თქმა უნდოდა ამ სიტყვებით, მარა მუცელში პეპლების ყოლა რა დვიჟენია იყო ეგ გავიგე. ნუ მერე ყველაფერი ძალიან სტაბილურად, მშვიდად, წყნარადნ, ზედმეტი თავისტკივილებისა და მალალეტკური ლაი-ლაის გარეშე, დაახლოებით 1 წელი, და ერთ დღესაც ყოველგვარი რომანტიული ცერემონიების დადგმის გარეშე, წამო გავგაზოთო შემომთავაზა :) და გავგაზეთ, და ვსიო :) არ გადაგვიხდია 500კაციანი ქორწილი-შორეული ნათესავების და იმათი მაზლიშვილების დასაპურებლად, არ მიფრიალებია ფატა სურათის გადასაღებად, არ გვითუხთუხია ამ http://www.youtube.com/watch?v=YEZnjY2CAAE სიმღერაზე და ა.შ...
რომ ვთქვა ეს იყო ჩემი მოწოდება, რო უნდა გავთხოვილიყავითქო, მოგატყუებთ, თქვენც და საკუთარ თავსაც, არც მზად ვიყავი ბოლომდე, მარა ვცდილობ ბატონო, თან თავს არ ვზოგავ, ისე კი არა, ლაითად?! :) ძალიან ბევრი რამ გამიჭირდა, ძალიან ბევრი - არა. ისიც კარგად მაქვს გათავისებული რო ია ვარდებით მოფენილი გზა დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში და აწი მე უნდა გავწმინდო ეკლებისგან ჩემი გზები (ო რა პოეტური ვარ ღმერთო ჩემო :) ) და ამ წმენდის პროცესში ძალიან, ძალიან მეიმედება ჩემი ქმარი :)
რატომ ლექსო? არ დავიწყებ ეხლა ჩამოწერას რო ყველაზე კარგია, ყველაზე სიმპათიური, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე აზრიან თვალებიანი და ა.შ ყველაზე.. იმიტომ რომ არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დავტოვო, კატას რო თავის ქმარი ვეფხვი გონია :)  გარდა იმისა რომ ყველანაირ ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმებს იდეალურად აკმაყოფილებს, ერთადერთი ჰომო საპიენსია მთელს გალაქტიკაში ვისაც შეიძლებოდა იმ დონეზე შევყვარებოდი რა დონეზეც ლექსოს ვუყვარვარ, მთელი ჩემი „მარგალიტებით“, გაეძლო და აეტანა (შეძლებისდაგვარად) ჩემი ჰიპერცვალებადი, საშინელი ხასიათი და ჩემი დარჩენილი 350  PMS-ი მთელი თავისი სიმძიმეებით :)  კიდევ იმიტომ რომ ალბათ ერთადერთი კაცია ვისი გულისთვისაც შემიძლია ძილი მოვიკლო როცა სამსახურში ადრეა წასასვლელი ან ღამით სახლში მოსვლას აგვიანებს, ვისაც ჩემს გეგმებს ვუთანხმებ და ეს დისკომფორტს არ მიქმნის, არ მოითხოვს ჩემგან იმაზე მეტ ღიმილს ვიდრე შემიძლია, რამდენადაც თვითონ ჩემზე მყრალი ხასიათი აქვს :) არ ხვრინავს! :) კარგი მეგობრები ყავს :) ერთგულია, არ ახასიათებს უწიპუწი მიმართვები „ჩემო ტკბილო, კნუტო, სიხარულო, სიცოცხლე, ბუსუსო ბასასო ბასტი ბუბუს ტაკი ტუკო და ა.შ“ :). ძალიან განსხვავებულები ვართ და ამავდროულად ძალიან ერთნაირები :)
და ზემოთ აღწერილი სიტუაციის ფონზე, ხვალ 1 წელი გვისრულდება რაც საზოგადოების თვალში ჩვენი ურთიერთობა გავაპრავეთ და ცოლ-ქმარი დავირქვით :) არ მაქვს ილუზია (სურვილი მაქვს) რომ აუცილებლად მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით და ასე გვეყვარება ერთმანეთი სიკვდილამდე და ბლა ბლა ბლა, მარა სადამეც ვიქნებით და როგორც ვიქნებით, რო ვიქნებით ეგაა მთავარი :)

Sooooooooo Happy Anniversary to Me and to my Husband !!




No comments: