იმიტომ არა,
რომ ისინი გაჩუმდნენ სირცხვილით, როცა შენ იყვირე.
და არც იმიტომ, რომ
მათი სხეულები მთელი ღამით გერგო.
იმიტომ არა, რომ აფრინდნენ პეპლები მათი კაბებიდან
და მხარზე დამასხდნენ,
მათი სვიტრების ფანტელებმა კი
ჩემს ეზოში დაიწყეს ბარდნა...
პირიქით,
მე მათ ჩამოვრჩები,
იცი,
ლოცვაში,
ერთგულებაში მოვიკოჭლებ,
მოწყვეტილ ღილს ვეღარ ვაკერებ თავის ადგილზე,..
არც იმიტომ, რომ
ისინი ზუსტად მოდიოდნენ დათქმულ დროზე,
მე კი ხუთ წუთს
თავპირისმტვრევით ვაგვიანებდი
მაღალ ქუსლებზე,
მათ სულაც არ უჭირდათ ტანგო,
მე კი დაბლებზეც სულ ფეხები მიბრუნდებოდა.
მაგიტომ არა,
მაგიტომ არა,
მაგიტომ არა.
შენ გქონდა დაახლოებით 10 წელი მიზეზების გამოსაცნობად.
......................................................................................................................................................................
1 comment:
ლამაზად წერ.
Post a Comment