Feb 12, 2009

მე და შენი მომავალი ცოლი.....




ხანდახან ეჭვი მეპარება,
ვიყავი თუ არა შენს ცხოვრებაში ყველაზე უარესი,
არადა შენი მომავალი ცოლი
საუკეთესოს მოგცემს თავისას…

კარგად დააკვირდი:
მას თითზე ბეჭედი ზუსტად ისე დაუმრგვალდება
როგორც
მე თავზე შარავანდედი…
და პირველ ღამეს,
ღილები ზუსტად ისე დაწყდება,
როგორც
ჩემი გული...
ეს ერთპარკუჭნახევრიანი ყუმბარა
ისე იჩხვლიტება,
როგორც
შენი მომავალი ცოლის ნაქსოვი შალის წინდები…
ეს იმიტომ რომ მივეჩვიე ნიკოტინს
ვწოვ მას ისე ელეგანტურად
როგორც 
შენი მომავალი ცოლის დაჩენილი ბავშვები ძუძუს…
მას ისე დასრისავ,
როგორც 
ოდესღაც ჩემი კარის წინ დაგებულ ტილოს
და მოჩვარდება...

ცოტა ხანში შენს კართან მოახლოვებას
დაელოდება შენი ცოლი,
საწოლში მოკუმშული…
და შენი გასაღების ჩხარუნზე 
მიხვდება
თუ როგორ მიწყო გულმა რეჩხი
როცა პირველად მითხარი მიყვარხარო…


ხანდახან ეჭვი მეპარება
ვიყავი თუ არა შენს ცხოვრებაში ყველაზე უარესი
არადა შენი მომავალი ცოლი 
საუკეთესოს მოგცემს თავისას

ცხოვრება გაგრძელდება:

ის ყოველდღე გამოგიცხობს ნამცხვარს
ფაფუკსა და ტკბილს
ისეთს, როგორი ძილის გამოცხობაც მე ვიცი,
ყოველთვის კარგად გაახამებს თეთრეულს 
და შენ გაგახსენდება ჩემი სახის მიტკალი…
მერე ნელ-ნელა დაგიწყებს კითხვას
"როდის მოხვალო"
ზუსტად ისე
როგორც
ჩემი საკითხავი ყოფნა-არყოფნა…
ოჯახში კი ისე იტრიალებს
როგორც 
ჩემს გარშემო ყველაფერი…
ბიუჯეტის დაყოფასაც ისე მოურიდებლად დაუოსტატდება
როგორც 
მე გისვამდი უღრუბლო ცის ქვეშ
ინტიმურ შეკითხვებს…

თუ ასეა, მაშინ მე ეჭვი შემეპარება
ვიყავი თუ არა შენს ცხოვრებაში ყველაზე უარესი,
თანდათან კი შენი ცოლი დაგიწყებს დაყვედრებას,
თუ როგორ მოგცა მან ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო….

1 comment:

sabaha said...

დავსევდნაღვლიანდი